- Advertisement -

გორში სასკოლო მზაობის ცენტრებს პოლონელი სტუმრები ეწვივნენ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები სასკოლო მზაობის ცენტრებში სასწავლო პროცესს დაესწრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სტუმრებს აღნიშნული ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ მიაწოდეს.

ნინო ბერიანიძის განცხადებით, სასკოლო მზაობის ცენტრები სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელია, რომელიც საბავშვო ბაღების განტვირთვას, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უწყვეტი განათლების მიწოდებასა და სკოლისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. მისივე განმარტებით, ცენტრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

წლის გამავლობაში გორში, სასკოლო მზაობის ორივე ცენტრში შესაბამის განათლების პროგრამას 40-მდე ბავშვი გადის. სასწავლო პროცესი დღის მანძილზე 4-5 საათს გრძელდება.

ცენტრები 2015 წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით გორის 1-ლი და მე-9 საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნა.

გორში აღნიშნული პროექტი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის „Educator”-სა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით განხორციელდა.

Comments
Loading...