- Advertisement -

გრიგოლ დალაქიშვილმა ხარაგაული მაღალმთიან სოფლებში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სოფელ წიფაში 2,5 კმ გზა მობეტონდა და პროექტის ღირებულებამ 235 061 ლარი შეადგინა. სამუშაოებისთვის თანხა მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო. ასევე, გზის 2 კმ–იანი მონაკვეთი დაიგო მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლათუბანშიც. სამუშაოებისთვის 300 000 ლარამდე იყო გამოყოფილი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის დასრულებული პროექტიც დაათვალიერეს. იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2018 წელს პროექტის ფარგლებში ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 50 კმ–იანი გზის მშენებლობა იგეგმება. ასევე, გრიგოლ დალაქიშვილი მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ წიფაში მცხოვრებ დემური ქურდაძის ოჯახს შეხვდა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესი დაიწყო და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ქურდაძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან აღნიშნულ სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა.

Comments
Loading...