- Advertisement -

გუბერნატორმა აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

მხარის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია. სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ბაღდათი-აბასთუმნის 60 კილომეტრიანი გზის პროექტის ნაწილია, იგი სამცხე-ჯავახეთს მოკლე და კომფორტული გზით დააკავშირებს დასავლეთ საქართველოსთან, შედეგად კი მნიშვნელოვნად შეამცირდება სამგზავრო დრო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და საგზაო ნიშნების მოწყობა.

Comments
Loading...