- Advertisement -

გურჯაანის და სიღნაღის მეწარმეები წარმოების გაუმჯობესებაზე საუბრობენ

„ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარება გვაქვს წარმოების მხრივ, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო“, – ამის შესახებ „ბადაგის“ დირექტორმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა განაცხადა.

საწარმო „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დაფინანსებით ფუნქციონირებს, რომლის დღიური წარმადობაც პანდემიამდე 10000 ცალს შეადგენდა, მის რეალიზებას კი საკუთარი სარეალიზაციო მაღაზიების ქსელში ახდენდნენ. თუმცა, პანდემიის მიუხედავად გაფართოებაც მოახერხეს და “ბადაგი+”_ის სახელის ქვეშ უკვე ხილის ტყლაპების წარმოება დაიწყეს.

კომპანია ადგილობრივ შრომით რესურსს იყენებს – დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 90 სიღნაღელი და ნედლეულსაც ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. ნაწარმი კი ჯერ-ჯერობით საქართველოს ბაზარზე იყიდება, მაგრამ კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავენ.

გურჯაანის სხვადასხვა ხილის მწარმოებელი კოოპერატივი „გილეს“ დამფუძნებელი იზოლდა ქიტესაშვილი კი იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ საუბრობს, რომელიც მეწარმეებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„ჩვენთვის-მეწარმეებისთვის მოწესრიგებული წყლის სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ის საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია მოსავლის შესაფერისი დაბინავება. ჩვენი კოოპერატივის სავარგულებში სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია დაწყებულია და ამ პერიოდში მართალია შეფერხებებიც გვქონდა, თუმცა, გააქტიურებული სამუშაო პროცესი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი პრობლემა მალე გადაიჭრება. სწორედ ეს გვიჩენს მეწარმეებს მომავლის იმედს “, – ამბობს კოოპერატივის დამფუძნებელი იზოლდა ქიტესაშვილი.

ცნობისთვის, სარწყავი სისტემის გამოყენება კახეთში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზაფხულის პერიოდში იძენს, როდესაც გვალვიანი პერიოდი იწყება და ფერმერებს მოსავლის სრულფასოვნად მისაღებად ნარგავების მორწყვა სჭირდებათ. გურჯააანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმისა და სხვადასხვა ხილის მოსავლის დიდი წილი იწარმოება. შესაბამისად სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობას აქაური მოსავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის, გ-32 გამანაწილებლის პროექტის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „ერისიმედმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 აპრილს გაფორმდა, ღირებულებით 341 665 ლარი და კომპანიამ დაიწყო სამუშაოების განხორციელება ტექნიკური დავალების შესაბამისად (www.spa.ge – NAT210003528). სამუშაოების დროებით შეფერხება, საჭირო მასალის უცხო ქვეყნიდან შემოტანამ გამოიწვია, რომელსაც 10 დღე დასჭირდა, თუმცა გუშინ დილით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის, რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი განახლდა. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდეა.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ, მოხდება სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ პირობებს. შესაბამისად, ქალბატონი იზოლდა ქიტესაშვილი, რომლის კოოპერატივი „გილე“ 2014 წლიდან გურჯაანში 11 ფერმერს აერთიანებს, ქვეყნის გარეთ მოსავლის გატანას შეუფერხებლად მოახერხებს, ისევე როგორც ეს პანდემიის დაწყებისას – 2020 წლის ზაფხულში შეძლო და 8 ტონა მაყვალი ექსპორტზე გაიტანა.

Comments
Loading...