- Advertisement -

გურჯაანის დელეგაცია პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 კაციანი დელეგაცია, რომელსაც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის,ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

“ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კერძოდ ჩვენი მუნიციპალიტეტი, სადაც სოფლის მეურნეობა დღითიდღე ვითარდება და აფართოებს ექსპორტის არეალს, მეგობარი ქვეყნების დახმარება ნამდვილად სჭირდება. დიდი მადლობა პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერს, ვოიცეხ ოლდაკოვსკის თანამშრომლობისთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს დაწყებული თანამშრომლობა სამომავლოდ, ერთობლივი და მაშტაბური პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება,” – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდნენ და მოინახულეს სანერგე მეურნეობა, რომლის მფლობელიც ვოიტეკ გრობჩესკი, საკუთარ ბიზნესს პოლონეთის გარდა, უკვე 10 წელია საქართველოშიც აწარმოებს, დაათვალიერეს ბლის, ვაშლისა და მოცვის პლანტაციები, დეკორატიული და ადგილობრივი ბიო წარმოების ნატურალური წვენების ქარხანა, ასევე ესტუმრნენ ვარშავაში, ქართული ღვინის ბარს და რესტორანს, რომლის მფლობელიც ქართველი დავით თურქესტანიშვილია.

პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, დელეგაციას ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელობის პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლ-მუზეუმში უმასპინძლა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

„გურჯაანისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობა გულისხმობს ორ მუნიციპალიტეტს შორის: სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროში აქტიურ, საქმიან ურთიერთთანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“ – ევროპული ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია გააგრძელებს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების ევროკავშირის მუნიციპალიტეტებთან დამეგობრების პოლიტიკის მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და განვითარებას, როგორც რეგიონულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.“ -აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა. ვარშავაში ვიზიტისას, დელეგაციის წევრები აჯანყების მუზეუმს ეწვივნენ და მუზეუმის დირექტორთან – იან ოლდაკოვსკისთაბ ერთად პატივი მიაგეს პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალს.

„ ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით და ძალიან ვაფასებთ პოლონელების სურვილს მხარდაჭერასთან და სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,. ვიზიტის ფარგლებში ბევრი საინტერესო იდეა გაჩნდა და დაიგეგმა, რომლის განხორცილებაც გურჯაანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო იქნება.” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

პოლონეთში ვიზიტის დასასრულს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი, გურჯაანის ნაყინის გენერალური დირექტორი, ბიზნესმენი გურამ ბერიკაშვილი და მეღვინე – ვანო ნარეკლიშვილი შედიოდნენ, პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ ვარშავაში, რომლის მიზანიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების განხორციელება და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გამოყენება იყო.
 

Comments
Loading...