- Advertisement -

გურჯაანის მერი: ადგილობრივი ხელისუფლება ეცდება, დახმარება გაუწიოს გლეხებს პროდუქციის რეალიზაციაში

როგორ შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლება ვაშლატამას მოსავლის რეალიზებაში გურჯაანელი გლეხების დახმარებას? – ამ კითხვის საპასუხოდ მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ სახელმწიფო ფასების დარეგულირებაში ვერ ჩაერევა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ეცდება, დახმარება გაუწიოს გლეხებს პროდუქციის რეალიზაციაში.

"შარშანაც იყო საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ ყიდიდა მოსავალს, თუმცა ფასი მაინც ნორმალური იყო. მოგეხსენებათ, კაპიტალისტური ქვეყანა ვართ და სახელმწიფო ფასების დარეგულირებაში ვერ ჩაერევა. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვეცდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მოვიძიოთ ბაზრები, სადაც გავა პროდუქცია. წინა წელსაც გადიდოდა ვაშლატამა ექსპორტზე, მაგალითად აზერბაიჯანსა და რუსეთში, შემოდიდოდნენ გადამზიდავი კომპანიები და ვიმედოვნებ, ისინი წელსაც აქტიურად იმუშავებენ პროდუქციის გატანის კუთხით. ასევე ველოდებით წვენების ქარხნის გახსნას, რომელიც ტერიტორიულად სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს და ისიც მიიღებს ხილს გადასამუშავებლად “ – განუცხადა "აიპრესს" არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისათვის, გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გლეხებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია, ზოგიერთმა მათგანმა კი ვაშლატამას ბაღები გაჩეხა იმის გამო, რომ მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლეს და ხილის დიდი ნაწილი დალპა.

Comments
Loading...