- Advertisement -

გურჯაანის მერი: კურორტ ახტალას გაყიდვის გამო გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან

"კურორტ ახტალას გაყიდვის გამო გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან",  – ამის შესახებ "აიპრესს" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

არჩილ ხანდამაშვილი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ კურორტის გაყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

"კურორტს ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იყიდება მხოლოდ უნიკალური ტალახი და მასთან ახლოს მდებარე კორპუსები. რაც შეეხება პარკს, რეკრეაციულ ზონას, მას გურჯაანელებს არავინ ართმევს და ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი სასეირნო ადგილი იქნება კვლავაც.“- აღნიშნა ხანდამაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ახტალას გაყიდვა და კურორტზე განხორციელებული ცვლილებები გურჯაანში ტურიზმის განვითარების წინაპირობად იქცევა. 

"ახტალას ტალახი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტალახი თავისი სამკურნალო თვისებებით, ამიტომ გურჯაანში გასულ წლებში არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიოდა ტურისტი. კერძო ინვესტორის მიერ მისი შეძენა და ახალი სიცოცხლის დაწყება გურჯაანსაც გააცოცხლებს და ქალაქში არაერთ ტურისტს ჩამოიყვანს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვისაც მომგებიანი იქნება." – აცხადებს ხანდამაშვილი.

Comments
Loading...