- Advertisement -

გურჯაანის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს

ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დიპლომები გადასცა 20 სტუდენტს, რომლებმაც მიმდინარე წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი, ისევე როგორც გასული ორი წლის მანძილზე, სამი საგნის შედეგად მიღებული ქულების ჯამური რაოდენობა იყო. გურჯაანელ მოსწავლეებსშორის საუკეთესოთა შერჩევას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა.

დიპლომებით დაჯილდოვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 63 წარმატებული მოსწავლე, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ცოტა ხნის წინ, ძვირადღირებული ლეპტოპები მიიღეს საჩუქრად.

წარჩინებულ ახალგაზრდებს დიპლომები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ბეროშვილმა გადასცეს.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა:

“ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე მომავალი თაობა, რომლის დასტურიც არის დღევანდელი დღე. სწორედ, ეს ახალგაზრდობა იქნება ის ძალა, რომლიც შეძლებს ჩვენ მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეების გაგრძელებას. მე მაქვს მათი იმედი და ყოველთვის ვეცდები მხარი დავუჭირო მათ ინიციატივებსა და მაქსიმალურად შევუწყო ხელი განათლების მიღებაში. მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს და რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დალი მინდიაშვილს ასეთი წარმატებული მუშაობისთვის,” – აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

„ წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოება და წახალისება ერთგვარ ტრადიციად იქცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. უკვე მესამე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 20 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვფიქრობ, ეს არის წახალისება როგორც მათთვის, ასევე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მალე აბიტურიენტები იქნებიან. მიხარია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამდენი წარმატებული ახალგაზრდა გვყავს. ვულოცავ თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი წარმატება ელით,“ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

20 წარჩინებული პირველკურსელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ასევე მიიღებს ფულად ჯილდოს, 500 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...