- Advertisement -

გურჯაანში, ატმის მოსავლი რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ფერმერებთან, ექსპორტიორებთან და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა წელს კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონაა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში გურჯაანში ატმის და ვაშლატამის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც, საიდანაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

„ატმის მოსავლის დაბინავებისთვის ვცდილობთ გლეხს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ პროდუქციის რეალიზაცია არ გაუჭირდეს, გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, სრულ მზადყოფნაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ასევე შეიქმნება ფიტოსანიტარიული ჯგუფი, როგორც სამინისტროს, ასევე საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით," – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონთან კოორდინაციის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...