- Advertisement -

გურჯაანში სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელი დააკავეს

გურჯაანში სამართალდამცველებმა სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დ.ა. და შ.ე. დააკავეს.
რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 აპრილს, გურჯაანში, შპს "ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი შელაპარაკებისას, სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს ვ.მ.-ს, რომელიც ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

Comments
Loading...