- Advertisement -

გურჯაანში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან გრძელი რიგებია

მძღოლებს რიგში დგომა დილიდან საათობით უწევთ. ექსპერტების აზრით, გრძელ რიგებს როგორც ტექნიკური დათვალიერების ცენტრების სიმცირე, ასევე ის ფაქტორიც იწვევს, რომ მძღოლების ნაწილი ცენტრებს დაგვიანებით, ნაწილი კი ნაადრევად მიმართავს.

გურჯაანის პერიოდული ინსპექტირების ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 450 მანქანა შემოწმდა, რომელთა უმრავლესობამ ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, მიზეზი კი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი და სხვა ტექნიკური მახასიათებლების პრობლემებია.

ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე დათუკიშვილის ინფორმაციით, მათ ცენტრს ყოველდღიურად 25-30 ავტომობილის შემოწმება შეუძლია, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი მანქანის შესამოწმებლად კი დაახლოებით 20 წუთია საჭირო.

“რიგები ჩვეულებრივი მოვლენაა, ვინაიდან ბევრი ავტომობილია.ჩვენი ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს და დღეში 25-30 ავტომობილის შემოწმება შეგვიძლია. თუ მანქანა ნორმალურ მდგომარეობაშია, მის შესამოწმებლად დაახლოებით 15-20 წუთია საჭირო. ძირითადად ტექდათვალიერებას ვერ გადიან სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის, გამონაბოლქვის გამო და ა.შ.”- განაცხადა ალექსანდრე დათუკიშვილმა.

ცნობისათვის, მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების ფასი 60, სატვირთო მანქანის კი 100 ლარია.

Comments
Loading...