- Advertisement -

დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში კულინარიული სკოლა გაიხსნება

პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში კულინარიული სკოლა დაფუძნდება.

პროექტზე მოლაპარაკებები ესპანურ და ქართულ მხარესთან აქტიურ ფაზაშია, რის გამოც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი ეწვია.

მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობა და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, მომავალში ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისათვის ერთობლივი პროექტების შეთავაზება გახლდათ.

„კულინარიული სკოლის ირგვლივ ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა, რომლის შედეგად ბასკეთის კულინარიული აკადემიის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ კულინარიული სკოლა სწორედ გურჯაანში აშენდება. აკადემია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელსაც ბასკეთის აკადემიის წამყვანი შეფები განახორციელებენ. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასტრონომილი ტურიზმის განვითარებას და ქართული გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით’, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი კახეთს ეწვია, სადაც ტურისტული ობიექტები მოინახულა და კვების ობიექტების შეფ-მზარეულებს შეხვდა. მან ადგილობრივებს, საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე მზარეულების მოსაზრებები მოისმინა.

ახალ პროექტსა და თანამშრომლობის გეგმებზე შეხვედრა გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში სამინისტრო მხარეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

კულინარიული სკოლა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყებს ფუნქციონირებას და მისი პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

პროექტი, ქალაქ გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება და 2022 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

Comments
Loading...