- Advertisement -

დიზაინის კონკურსი “გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი” 13 აგვისტოს დასრულდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მთავარი გზავნილია: „გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი“ – “Gurjaani – Winemaking City”.

დეტალური ინფორმაციისთვის გურჯაანის მერს – არჩილ ხანდამაშვილს ვესაუბრეთ:

– ბატონო არჩილ, რას გულისხმობს კონკურსი და რა მიზნით გამოცხადდა?

როგორც იცით, გურჯაანი არის მეღვინეობის ცენტრი. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენივე პოტენციალის მაქსიმალურად მიზნობრივი გამოყენებაა. ვფიქრობ, გამოცხადებული კონკურსი საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ პირველი ნაბიჯები ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო საქმის შესასრულებლად, როგორიც არის ღვინის ტურიზმის განვითარება, ჩვენი კულტურული, ისტორიული და აგრარული შესაძლებლობების გაცნობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ.

– რა ეტაპებს მოიცავს კონკურსი?

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება იმ ესკიზებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკურსის ძირითად მოთხოვნებს, ხოლო მეორე ეტაპზე ისინი გადავლენ, ვინც ამ მოთხოვნასთან ერთად, ბიუჯეტისთვის ხელსაყრელ ფასს შემოგვთავაზებენ.

– ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

ამ მხრივ მინიმალური შეზღუდვები გვაქვს, ყველა სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.

– სად განთავსდება, შერჩეული დიზაინის მიხედვით, კონსტრუქციები?

ჩვენი მიზანია, გურჯაანის მეღვინეობის პოტენციალის გამოყენება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ამის შესახებ ყველას გავაგებინოთ, შესაბამისად კონსტრუქციები შერჩეული ესკიზების მიხედვით განლაგდება მუნიციპალიტეტის ყველა შემოსასვლელთან, ესენია: ყვარლის, ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის და წნორის, ასევე 3 წრიულთან, აქედან ორი ქალაქ გურჯაანში და ერთი სოფელ ბაკურიციხეში.

– რა იქნება გამარჯვებულის ჯილდო?

გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, თითოეული დიზაინის ესკიზზე განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლოს ჩათვლით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ ის დღგ-ს გადამხდელია – დღგ-ს ჩათვლით.

Comments
Loading...