- Advertisement -

დღეს, „ბათუმობის“ დღესასწაულია, თუმცა პანდემიის გამო სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქში უკვე მეორე წელია არ ტარდება

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, „ბათუმობის დღესასწაულს“ საზოგადოებას, სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს, მალე დაუბრუნდება.

„დღეს ,,ბათუმობაა”, დღე, რომელიც ყველა ბათუმელისთვის განსაკუთრებულია. ახლა ყველგან უჩვეულო სურნელი უნდა ტრიალებდეს, ისმოდეს მხიარული მელოდიები, უამრავი ტურისტი, თუ ქალაქის სტუმარი დადიოდეს ქუჩებში, ყველა ერთმანეთს ვულოცავდეთ ჩვენი ქალაქის დღეს. მაგრამ, პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია, რაც ,,ბათუმობას” ვერ ვჩუქნით ჩვენს თანაქალაქელებს. მჯერა, მალე ყველაფერი მშვიდობიანად გადაივლის და ჩვენი ქალაქიც დაუბრუნება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩემო ბათუმელებო, ბათუმზე შეყვარებულო ადამიანებო. განსაკუთრებით კი, მინდა მივულოცო ბათუმზე მზრუნველებს, ჩვენს მეეზოვეებს, მებაღეებს და ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს და თითქმის უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს ჩვენს ქალაქზე.
გულითადად გილოცავთ ბათუმობას, გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობასა და ბედნიერებას“,-წერს არჩილ ჩიქოვანი.
133 წლის წინ, 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამ დღეს, ბათუმი, ყოველწლიურად ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავდა.

Comments
Loading...