- Advertisement -

“ევროპული საქართველოს” ბრალდებას ქუთაისის მერიაში აბსურდულს და არაკომპეტენტურს უწოდებენ

ქუთაისის საკრებულოს წევრის „ევროპული საქართველოდან“ , დავით გოგისვანიძის განცხადებით, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ფირმასთან, რომელიც შესყიდვების სამსახურმა შავ სიაში შეიყვანა. გოგისვანიძე აცხადებს, რომ ინდმეწარმე ლევან ბოლქვაძეს გასული წლის 15 დეკემბერს საჩხერეში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე გაუფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულება შეწყდა. ახლა კი იგივე მეწარმემ, როგორც გოგისვანიძე აცხადებს ქუთაისის „გვირილობის“ ტენდერი მოიგო.

აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილემ რუსუდან ჩინჩალაძემ უპასუხა. “ტენდერი ჩატარდა კანონის მოთხოვნის სრული დაცვით. დავით გოგისვანიძის განცხადებაში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები. ეს მისი მხრიდან არის ძალიან მწვავე ბრალდება.

„გვირილობის“ ღონისძიებების ტენდერები არაერთხელ ჩაგვიტარებია. ტენდერი ყოველთვის შედგა და საფრთხის წინაშე არასოდეს დავმდგარვართ. ეს იყო დაფარული ტენდერი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ ვიცით ვინ დგას მონაწილე კომპანიების უკან. ამ პირობებში საერთოდ გამორიცხულია გაიგო ვინ იღებს მონაწილეობას, რამდენია დაინტერესებული და ვინ რა თანხას იხდის. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა დააკმაყოფილა. გოგისვანიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვინმეს ხელი შევუწყვეთ გამარჯვებაში არის აბსურდი. ყველაფერი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში არ იმყოფება“- განაცხადა ჩინჩალაძე,

„გვირილობა“ ქუთაისში ორ მაისს აღინიშნება.

Comments
Loading...