- Advertisement -

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ქართული ენის შესწავლას ითხოვენ

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წარმომადგენლებმა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა საჭიროებები მოიკვლიეს. პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი ქალის როლის გაძლიერება.

ქალთა საჭიროებების შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში გადაეცემათ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა საარჩევნო პროგრამებში მოხდეს მათი ასახვა.

ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით შეხვედრები ჩატარდა გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალებისთვის უპირველეს საჭიროებას ქართული ენის შესწავლა წარმოადგენს. როგორც შეხვედრებზე მათ განაცხადეს, ქართული ენის უცოდინრობა ბევრი პრობლემების წინაშე აყენებთ. ბოლნისის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვს სოფლებში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფების გახსნას, რათა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა მაინც ისწავლონ კარგად ქართული ენა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოფლების უმეტესობისთვის პრობლემაა სარწყავი და სასმელი წყალი. სოფლების უმეტესობაში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, მოსახლეობა იძულებულია დაიქირავოს სამარშრუტო ტაქსი და ბავშვები ბაღში ატარონ ბოლნისში ან მოშორებით მდებარე სოფლებში. ზოგ შემთხვევაში, უფულობის გამო ამასაც ვერ ახერხებენ. ბოლნისის სოფლებში პრობლემაა გარე განათება, შიდა გზები ჩაბნელებულია. ქალები აცხადებენ, რომ გარე განათების არრსებობის გამო გარეთ ვერ გამოდიან და ეზოშიც კი ვერ უშვებენ ბავშვებს.

ქალებისთვის საჭიროებას წარმოადგენს დასუფთავების პრობლემის მოგვარებაც. ნაგვის ბუნკერები დგას მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, რის გამოც, გარდა წყაროებიდან წყლის ზიდვისა, კილომეტრების გავლა უწევთ ნაგვის გადასაყრელადაც, ან ნაგავი პირდაპირ სოფლის გზებზე იყრება. ბოლნისის მოსახლეობისთვის საჭიროებას წარმოადგენს შიდა გზების მოწყობა. როგორც თავად, აცხადებენ, ცენტრალური გზები მართალია, წესრიგშია, მაგრამ ძალიან დაზიანებულია შიდა გზები. რიგი სოფლები არ არის გაზიფიცირებული, რაც, ქალებისთვის ასევე, დიდ პრობლემებს ქმნის.

ბოლნისელი ქალებისთვის, ისევე, როგორც გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალებისთვის პრობლემაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალებაა სატელევიზიო პროგრამები, თუმცა, იმის გამო, რომ არ იციან ქართული ენა, უყურებენ მხოლოდ თურქულ და აზერბაიჯანულ არხებს. ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო, მათ თითქმის არაფერი იციან სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ბოლნისელი ქალები ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ, მათი ინფორმირებულობისთვის, სიხალეების გასაცნობად დაამყარონ მოსახლეობასთან კომუნიკაცია რაიმე ფორმით – სისტემატური შეხვედრების სახით ან მათთვის გასაგებ ენაზე შექმნილი საინფორმაციო ფურცლებით,“ – ნათქვამია ანგარიშში (რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ https://uploadfiles.io/5ze6t ).

ქალთა საჭიროებები გამოვლინდა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

ქალთა საჭიროებების მოკვლევა 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე.
 

Comments
Loading...