- Advertisement -

ვაზის მეგრული ჯიშების აღსადგენად, სამეგრელოში მუნიციპალური სანერგე მეურნეობები მოეწყობა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ვაზის კერძო სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, სერგო ჭანტურიას, რომელიც ვაზის ძველი მეგრული ჯიშების აღდგენას ახორციელებს, ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც რეგიონში მუნიციპალური სანერგე მეურნეობების მოწყობას ითვალისწინებს.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სანერგე მეურნეობებში ძირითადად ვაზის მეგრული ჯიშები აღდგება და ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ეწერის სანერგე მეურნეობაში, სერგო ჭანტურიას ვაზის ისეთი ენდემური ჯიშები გამოჰყავს, როგორიცაა კოლოში, ჭვიტილური, მაჭყვადინა, ჩექობალი, უჩახარდანი, ჩეში, კაბისტონი, ჩეჭიფეში და მეგრული საფერე. მეწარმე სამომავლოდ სხვა ჯიშების გამოყვანასაც გეგმავს. სოფელ ეწერში წელს პირველად დარგეს ამლახუს ჯიშის ვაზი, რომელიც ძირითადად აფხაზეთში ხარობდა. მეღვინეს 4 ათასი ძირი ოჯალეშიც აქვს გაშენებული, რომლის პირველ მოსავალსაც წელს ელოდება.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, რეგიონში უნდა მოხდეს ვაზის ძველი მეგრული ჯიშების პოპულარიზაცია და გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმს განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

Comments
Loading...