- Advertisement -

ზესტაფონში კაფეს მეპატრონე: ობიექტმა გახსნა ვერ მოასწრო და ე.წ კანონიერი ქურდები უკვე წილს მთხოვდნენ

შსს-ს ინფორმაციით, ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან ე.წ "კანონიერი ქურდები" სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

როგორც კაფეს მფლობელი გიორგი ჯიხვაშვილი აცხადებს,  რომ მას ე.წ კანონიერი ქურდები ფულს სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. 

-"ახალი მუხლი არის შემოსული კანონში და ეს კრიმინალურმა სამყარომ კარგად იცის, როცა მიდიხარ ბიზნესთან და თხოვ წილს ან ფულს, თუ ბიზნესმენი ითანამშრომლებს, თავადაც შეიძლება მისცენ იგივე მუხლი. ფაქტობრივად, მეც პრობლემებში ჩამაგდეს და მივიღე ზომები. მარტო დაკავებულები არ არიან ამ საქმეში. არიან საქმის მიმცემი პიროვნებები ესენი არიან შემსრულებლები.

5-6 თვეა მებრძვიან ადამიანები. ობიექტმა ფაქტობრივად გახსნა ვერ მოასწრო და უკვე წილს მთხოვდნენ. იყო პატარ-პატარა შემოტევები, ჩემით ვუმკლავდებოდი. ვეუბნებოდი კარგად გამიცანით, ვიმეგობროთ, ვიახლობლოთ. ნელნელა უკვე ოფიციალურად მოითხოვეს წილი, მე რომ დავთანხმებოდი, ვიქნებოდი კანონის დამრღვევი. მოდიოდნენ და მთხოვდნენ , მარტო ხარ და გჭირდება "დაკრიშვა", ამის შემდეგ პრობლემები არ შეგექმნება. როგორც ყველა მუშაობს, ისე იმუშავებ შენცო. დაახლოებით ერთი თვეა რაც გამოძიებას მივმართე.

ამ პერიოდში სადღაც მპატიჟებდნენ, შემიტყუებდნენ რესტორანში ან სადმე, დამიჯდებოდნენ უცხო პიროვნებები და მიწყებდნენ ბიზნესზე საუბარს. იყო სიტყვიერი მუქარაც. ტერიტორიას უკვე ვყიდი და საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ", – განაცხადა გიორგი ჯიხვაშვილმა. 

Comments
Loading...