- Advertisement -

ზუგდიდის მერი თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებულ კამპანიაში ჩაერთო

პირველი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოწევა აიკრძალება. მოწევა რამდენიმე სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, რესტორნებსა და ბარებში იკრძალება. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.

თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია შეურთდნენ და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

აღნიშნული ღონისძიება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივით განხორციელდა.

მწეველები თამბაქოს ვეღარ მოწევენ, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში; საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა ნებადართული იქნება ტაქსისა და კატერში; ფიზიკური პირის სახლში; სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. სტადიონზე, რომელსაც ყავს ადმინისტრაცია.

აღნიშნული აკრძალვის წესების დარღვევის გამო კი პირი სხვადასხვა სანქციით დაჯარიმდება. შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია. მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, სახურავსა და ლიფტში მოწევისთვის ჯარიმა 50 ლარი. წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით. ფიზიკურ პირი კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისთვის 50 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ჯარიმები გაორმაგდება.

Comments
Loading...