- Advertisement -

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაგმგეობაში 10 თვეში პრემიის სახით 131 829 ლარი გაიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მამუკა წოწერიას განცხადებით, გამგეობაში 2017 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით, პრემიის სახით 131 829 ლარი გაიცა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე 2017 წლის იანვრიდან დღეის მონაცემებით პრემია მხოლოდ ერთხელ გაიცა ისიც სახელფასო განაკვეთის 50 პროცენტი, რომელმაც მთლიანობაში 131 829 ლარი შეადგინა. თუ გადავხედავთ დინამიკას, წლევანდელი წელი იყო მინიმალური და ეს ტენდენცია რა თქმა უნდა შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება პრემიერების სისტემას, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად შრომის სტიმულირებისა და ფულადი წახალისების სისტემა უნდა არცებობდეს, მთავარია ზომიერება დავიცვათ და არ გავსცდეთ სამართლებრივ და მორალურ ზღვარს. სხვა შემთხვევაში ვერ შევინარჩუნებთ იმ მაღალკვალიფიციურ კადრებს, თუ არ იქნა გარკვეული სტიმულირების მექანიზმები იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეფექტური მუშაობა უზრუნველყვეს,"-განაცხადა წოწერიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განცხადებით, პრემია უნდა გაიცემოდეს არა რომელიმე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, არამედ მათი დამსახურების შესაბამისად.

მისივე თქმით, უნდა გამოიცეს შესაბამისი აქტი, რომლითაც ყველა მოქალაქეს, ექნება საშუალება ნახოს თუ რა კონკრეტული დამსახურებისათვის მიიღო საჯარო მოხელემ პრემია ან დანამატი.

"მიუხედავად იმისა რომ ყველა მუნიციპალიტეტს მათ შორის ზუგდიდსაც მიღებული აქვს წესი პრემიის გაცემის შესახებ.იგი შეიცავს ძალიან ბერვ ხარვეზს რაც იძლევა წლების მანძილზე ძალიან მანკიერი პრაქტიკის გაგრძელების საშუალებას. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა იმისა, რომ პრემია გაიცემა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მიგვაჩნია, რომ პრემია უნდა გაიცემოდეს არა რომელიმე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, არამედ მათი დამსახურების შესაბამისად. უნდა გამოიცეს შესაბამისი აქტი, რომლითაც მე, როგორც მოქალაქეს, მექნება საშუალება ვნახო, თუ რა კონკრეტული დამსახურებისათვის მიიღო საჯარო მოხელემ პრემია ან დანამატი,"-განაცხადა თოდუამ.

Comments
Loading...