- Advertisement -

ზუგდიდში თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არტ-უნივერსალი“-ს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის ცენტრ "ოდიშის" დარბაზში, თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ხსოვნის საღამოზე თამაზ ჟორჟოლიანის მოღვაწეობასა და მის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს. მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა და ვიდეო სლაიდის ჩვენება.

ხსოვნის საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, თამაზ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ,,თამაზი იყო, სიმბოლო სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანობის, სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანის.

მისი ცხოვრება სავსე იყო ქარტეხილებით და სამშობლოსთან განშორების დიდი ტკივილით. თამაზს ქონდა საოცარი იდეები, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა სამწუხაროდ. ის იყო დიდი ადამიანი, რომელიც სამშობლოსა და ოჯახის წინაშე ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე.“
თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე, მის მონატრებასა და დიდ დანაკლისზე თამაზის მეგობარმა მაიზერ ნანავამ ისაუბრა.

თამაზ ჟორჟოლიანის მეგობარმა ლაშა გვასალიამ მისი ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტი გაიხსენა და მასზე საუბარი თამაზ ჟორჟოლიანის საყვარელი ლექსით დაასრულა.
საღამო მუსიკალურად ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ოდოია-"მ გააფორმა.

თამაზ ჟორჟოლიანი იყო ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. 1995-2014 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ბელგიის სამეფოში. თამაზ ჟორჟოლიანის ხელმოწერაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2016 წლიდან 2017 წლის ნოებრამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ცაიშის მაჟორიტარ დეპუტატად.
თამაზ ჟორჟოლიანი 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.

Comments
Loading...