- Advertisement -

ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და შესაწამლი ნივთიერებები გადაეცა

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ასოციაციის თავმჯდომარე ქრისტინა კილანავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღ ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ასოციაცია “იმედის” მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, 55 ოჯახს გადაეცემა სოფლის მეურნეობისთვის როგორც ტექნიკა, ისე შესაწამლი ნივთიერებები. აღნიშნული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც თურქეთის მთავრობასთან, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს 62 საკოორდინაციო ოფისით.

TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტის აქვს წარმატებით განხორციელებული.

Comments
Loading...