- Advertisement -

ზუზუმბო, დაბახნები, ყადორის ბორცვი – თელავი ახალი ტურისტული მარშუტებისთვის ემზადება

არქეოლოგებმა ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გვირაბს ჯერ კიდევ 3 წლის წინ მიაკვლიეს. სწორედ გვირაბისა და არაერთი კერამიკული ნივთის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა კვლევების გაგრძელების იდეაც.
როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ქალაქის ისტორიულ უბნებში უახლოეს პერიოდში მასშტაბური არქეოლოგირი გათხრები დაიწყება, რაც სპეციალისტების მოსაზრებით, არაერთი საინტერესო აღმოჩენის წინაპირობა გახდება.

სამუშაოებს ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის პროფესორი, ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს. 

"ახლადგამოვლენილ არქიტექტურულ ობიექტებთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ტურისტული მარშრუტი, სადაც შემოსულ სტუმარს საშუალება მიეცემა ქალაქი წაიკითხოს შინაარსობრივად.

ამჟამად გამოცხადებულია კიდევ ერთი ტენდერი, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები დაბახნების, ზუზუმბოს, მაწანწრისა და ყადორის ბორცვებზე.

მაგალითად, დაბახნების ტერიტორიაზე უკვე არის ნიშნები იმის, რომ ტერიტორია ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში დასახლებული ჩანს, დაბახნების ტერიტორიაზე მიწის დონეზე გამოიკვეთა გალავნის კონტურები და წრიული ნაგებობის (სავარაუდოდ IX-Xსს ბურჯის), ნაშთები. რაც შეეხება ყადორის ბორცვს, აქ თავის დროზე მდგარა ეკლესია, სადაც მჯდარა ყადი (არაბუად მსაჯული) და ასამართლებდა ხალხს (გადმოცემით სახელწოდება ყადორიც სწორედ აქედან მომდინარეობს), ანუ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს VII საუკუნის შუა პერიოდიდან XI საუკუნის შუა პერიოდამდელ საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ნიმუშთან.

თუ დავაკვირდებით არქეოლოგიური სამუშაოების არეალებს, ჩვენ მივიღებთ ერთ სწორად გამიზნულ ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბების იდეას. დამთვალიერებელი ქალაქის შეცნობას დაიწყებს ზუზუბოდან, გვიანბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარიდან, გადადის დაბახნებზე, სადაც ნახულობს შუასაუკუნეების (სავარაუდოდ კვირიკესეულ ქვედა ციხის გალავნის ნაშთებს,) შემდეგ ინაცვლებს უშუალოდ კვირიკესეულ ციხე-გალავანში, მიემართება ჩოლოყაშვილის ქუჩაზე,სადაც XIX საუკუნის ურბანული ქსოვილია ჩამოყალიბებული.

შემდეგ მიემართება ქალაქის ცენტრში, ნახულობს XX-XXI საუკუნის არქიტექტურას, შემდეგ ნახულობს VIს-ის ღვთაების სამნავიან ბაზილიკას და ყორჩიბაშიშვილების ციხის ნაშთებს (აღნიშნული ციხის ბურჯის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს მიმდინარე წელს) შემდეგ ჩაივლის ბაგრატიონის ქუჩას, სადაც ასევე, XIX საუკუნის სავაჭრო რიგის შენობებია, გადადის გვირაბის ქუჩაზე (აქ მდებარეობს ძვ.აბანო), შემდეგ ამავე ქუჩით მიემართება მთავარ, ღირშესანიშნაობის გასაცნობად, ბატონის ციხის ტერიტორიაზე. იქ ეცნობა ერეკლეს სასახლეს და მუზეუმის ექსპოზიციებს. შემდგომში კი ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთ მონაკვეთში დამთვალიერებელი ნახულობს ვახვახიშვილების ციხის ნაშთებს და ნადიკვრის პარკს.

ქალაქი უნდა გახდეს საინტერესო და მონახულებადი, თელავმა უნდა შეასრულოს კახეთის ტურისტული ჰაბის ფუნქცია, ამისათვის მას ყველანაირი რესურსი გააჩნია. მადლობა მინდა ვუთხრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვინც ხელს გვიწყობს ამ საინტერესო და ქალაქის მომავლისათვის საჭირო საქმეში.“ – აღნიშნა გაგნიძემ. 

Comments
Loading...