ზურაბ პატარაძემ ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 3 ნოემბერი, 2017 339 დღეს ბათუმში, საპორტო ვიზიტით საქართველოში მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND” და ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 2 ხომალდი შემოვიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – თემურ კვანტალიანი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – დესისლავა ივანოვა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ნატოს და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნები, ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის ნიმუშები. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან კი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.