- Advertisement -

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა

თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

"თელავს, კონკრეტულად კახეთს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მუზეუმი, კულტურული სივრცე და ეს გახლავთ ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კომპლექსის შემადგენელი ნაწილი და მე მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისათვის ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს", – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. პროექტის მიზანს თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს.

Comments
Loading...