- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძე: მეჩეთის თემაზე გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი კონსესუსი საზოგადოებისთვის

"როგორც იცით ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსესუსი საზოგადოებისთვის“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონსულტაციები გრძელდება, პროცესი დასრულებისკენ მიდის და როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით იმოქმედებს სახელმწიფო, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში.

"მე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის აშენება, ჩემი აზრით, ეს უნდა აშენდეს ქართული ფულით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ახდენენ ამ სენსიტიური თემით სპეკულირებას“.

თორნიკე რიჟვაძემ განმარტება გააკეთა ასევე „ქართული მარშის“ მიერ გავრცელებულ მცდარ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის თემას ეხებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მისი თქმით, ბათუმში ძეგლის დადგმა არის შესატყვისი იმ დიდი წვლილის, რომელიც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქვეყნის წინაშე.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მალე გავმართავთ კონსულტაციებს, შეირჩევა კონკრეტული მდებარეობა, რომელიც აღნიშნული ძეგლისთვის იქნება შესაბამისი“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Comments
Loading...