- Advertisement -

თუშეთის საავტომობილო გზის მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თუშეთის საავტომობილო გზის მეწყერისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია- ამის შესახებ "აიპრესს" ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. 

მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, გზის ნაშალისგან გაწმენდის მიზნით ადგილზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდა, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება გზის გახსნის ზუსტი თარიღი.

ტურისტული სეზონის დაგვიანებასა და ფინანსურ ზარალზე საუბრობენ თუშები. ადგილობრივების თქმით, გასული წლის მსგავსად წელსაც დაახლოებით ერთი თვით დაგვიანდება მთაში ტურისტული სეზონის დაწყება, რაც მათთვის დიდი ფინანსური ზარალის ტოლფასია.

,,წელსაც იგივე პრობლემის გამო გვავქვს ფინანსური ზარალი, რაც წინა წელს იყო. ჩამოწვა ამხელა მიწის მასა და ახლა მუშაობენ იმაზე, რომ გზა, რომელიც წყალმა დაფარა, როგორმე აამაღლონ. წინა წელსაც იყო საუბარი, რომ მარჯვენა მხარეს უნდა გაეყვანათ ახალი გზა, დაახლოებით 2-3 კილომეტრზეა საუბარი, თუმცა არავინ მიაქცია ყურადღება, წინა წელს რომ დაეწყოთ ახალი გზის გაყვანა, წელს დაასრულებდნენ და ეს პრობლემებიც აღარ იქნებოდა. ჩვენი შემოსავალი ტურიზმი და მესაქონლეობაა. საქონელიც ვერ მიჰყავს ხალხს შიშით, მეწყერს ზემოდან საცალფეხო ბილიკით უვლიან და ისე გადაყავთ საქონელი, გუშინაც ექვსი ცხენი ჩამოვარდა კლდიდან და დაიღუპა, რამხელა ზარალია ახლა ეს ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის. ვითომ გვპირდებიან 10 ივნისისთვის გზის გახსნას,მაგრამ არ ვიცი რა იქნება.“ – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ადგილობრივმა, სოსო ბაბულაიძემ.
ცნობისათვის, თუშეთის საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლი მეწყერის გამო გასულ წელს მთაში ტურისტული სეზონი გასულ წელსაც ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო.

Comments
Loading...