- Advertisement -

თხლაშიძე: იყალთოს გენგეგმაში მეტროსადგური, შესაძლოა, თბილისის გენგეგმის კოპირებით მოხვდა

თვითთმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება.

დადგენილება №24 თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელსაც 32 წევრიდან 20 დეპუტატი ესწრებოდა.

დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებიდან, – 2017 წლის 24 აგვისტოდან შევიდა ძალაში, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება აღარ მომხდარა. 

საკითხს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დადგენილების შესახებ დღეს შეიტყო. მისივე თქმით, შესაძლოა სადავო დადგენილება უკავშირდებოდეს ქალაქ თბილისის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებას, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

"ამ დადგენილების შესახებ დღეს დილით შევიტყვე. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოკვლევა და დოკუმენტში აღმოჩენილი უზუსტობები და შეცდომები ჩასწორდება, ან შესაძლოა აღნიშნული დადგენილება გაუქმდეს და საკრებულომ ახალი დადგენილება მიიღოს",  – აღნიშნა არჩილ თხლაშიძემ.

Comments
Loading...