- Advertisement -

ივანე ჯავახიშვილის დაბადების 142 წლისთავი მშობლიურ სოფელ ხოვლეში ღონისძიებით აღინიშნა

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების 142 წლისთავი მშობლიურ სოფელ ხოვლეში, მისავე სახლ-მუზეუმში ღონისძიებით "ივანე ჯავახიშვილი შვილების თვალით'' აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორები სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელთა მიზანიც დამსწრე საზოგადოებისათვის მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფრო ახლოს გაცნობა იყო. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს უდიდესი მოღვაწის დამსახურება ქართველი ერის წინაშე. 

მუზეუმთან არსებულმა ჯგუფმა„პატარა ქართველებმა“ პატრიოტული ლექსებით გაალამაზეს ღონისძიება.
ქართული მეცნიერების კორიფემ, ივანე ჯავახიშვილმა თანამემამულეებს თავისი ნაშრომების სახით უმნიშვნელოვანესი საგანძური დაუტოვა, რომ აღარაფერი ითქვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. 

"ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება" – აღნიშნავდა ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი. უნივერსიტეტის გახსნის წინა დღეებში, 1918 წლის 23 იანვარს, ცნობილი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ივ. ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი — გუთნისდედობა თვით ქართული მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა… ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ".

Comments
Loading...