- Advertisement -

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შავლეგო ტაბატაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ვიელკოპოლსკას რეგიონის მარშალს მარეკ ვოზნიაკს. შეხვედრისას აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რეგიონების დაახლოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრანტების მოძიების, გაცვლითი პროგრამების და სტუდენტების დაფინანსების საკითხებს.

იმერეთის რწმუნებული ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც იმერეთის პოტენციალის შესახებ იმსჯელა. ასევე, დაესწრო ,,BUDMA“-ს უდიდეს სამშენებლო გამოფენას, სადაც გაეცნო მშენებლობის უახლეს ტექნოგიებსა და მასალებს.

ვიზიტის ფარგლებში იმერეთის რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ გვირგვინით შეამკო პოლონეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი გმირის პლატონ თაყაიშვილის საფლავი.

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, და ,,აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

ქალაქ პოზნანში ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა ვიელკოპოლსკას განვითარების ფონდი, ჰუბერტ ზობელის (ფონდის პრეზიდენტი) ხელმძღვანელობით.

იმერეთის რწმუნებულს შავლეგო ტაბატაძეს ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნული აქვს შეხვედრა გემბიაკ-მიკსტაცკის კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში, კერძოდ იმერეთში ინვესტირების განხორციელებით.

Comments
Loading...