- Advertisement -

იორმუღანლოს სკოლის პედაგოგი: ბავშვს არ შევხებივარ, ეს რესურსცენტრის უფროსის პირად ანგარიშწორებაა!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გურგენიძე, რომელსაც მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარყოფს. 

პედაგოგი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მანანა ცუცქირიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პროცესი მისი მხრიდან არის მართული, მიზეზად კი წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს.

თეა გურგენიძე სამართლებრივ დავას იწყებს და დისციპლინუირი კომიტეტის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

"დისციპლინური კომიტეტის წევრი მშობლები საჩივარს ამზადებენ განათლების სამინისტროში გასაგზავნად. ამბობენ, რომ მათ ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ეს პირადი ანგარიშსწორებაა რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მხრიდან. ადრე დედაჩემი გაათავისუფლა ჩაილურის სკოლიდან. ვთხოვე, გადაწყვეტილება შეეცვალა. დედაჩემი კანონდარღვევით გაუშვეს შუა სასწავლო წელს, ვითომ ბიუჯეტი არ აძლევდათ საშუალებას. არადა, ექვსი თვის შემდეგ სხვა კადრი დანიშნეს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, თუ გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს ჩემთან, დედაშენის საქმის განხილვას თავი დაანებეო. აქედან დაიწყო ყველაფერი.

მანდატური 24 საათი ჩემს კართან არის აყუდებული და კამერაც მოტრიალებულია კლასისკენ, როგორ გგონიათ, ამდენად სულელი ვარ ბავშვს შევხებოდი, ან ეს როგორ შეიძლებოდა. კამერის ჩანაწერს არ მაჩვენებენ, არადა მახსოვს ბავშვს არ შევხებივარ. მანანა ცუცქირიძე ზეწოლას ახდენს დისციპლინური კომიტეტის წევრებზე და თავად სკოლის დირექტორზეც. არ დამკითხეს კომიტეტის სხდომაზე, მაინტერესებს, რის საფძველზე წამიყენეს ბრალდება? თავის მართლების უფლებაც კი არ მომცეს,“- აცხადებს პედაგოგი.

აღნიშნულ პროცესში პირად კონფლიქტს კატეგორიულად უარყოფს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე. 

"პირადი კონფლიქტი საერთოდ გამორიცხეთ, ამ თემასთან არაფერ შუაშია. პირიქით, ყველა პედაგოგს ვუქმნი თბილ გარემოს, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. ცემის ფაქტს, თუ არ დაადასტურებდა დისციპლინური კომიტეტი, გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. საკუთარი თავის დაცვის მიზნით სხვისადმი ბრალდება ცოტა მიუღებელია ჩემთვის.

არ შევხვედრივარ არც ერთ დისციპლინური კომიტეტის წევრს. როდესაც გავიგე, რომ დაფიქსირდა ცემის ფაქტი, დირექტორს ვუთხარი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, კანონმდებლობის სრული დაცვით ემოქმედა. მასწავლებლის საქმეა სწავლება და არა ცემა. კომისიის სხდომაზე პროცედურულად მოწვეული იქნებოდა ქალბატონი თეა. რამდენადაც ვიცი ფოსტით გაუგზავნეს წერილი, მან ხელი არ მოაწერა, მისი გადასაწყვეტი იყო მივიდოდა თუ არა სხდომაზე.“- აღნიშნა ცუცქირიძემ. 

დისციპლინურ კომიტეტში, რომელმაც თეა გურგენიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, სულ ექვსი წევრია, ორი პედაგოგი, ორი მოსწავლე და ორი მშობელი. კომიტეტის თავმჯდომარე ჰასან აბდულაევი აცხადებს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. ვიდეოკადრებში კი პედაგოგის მხირდან ძალადობის ფაქტი ნამდვილად ფიქსირდება.

ცნობისათვის, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგის თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით აქციას დღეს დილიდან მართავდნენ.

Comments
Loading...