- Advertisement -

კვერეთში, მდინარე ჩიხურაში 200 ცალი კალმახის ლიფსიტა გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორთან რევაზ ბეჟაშვილთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად დაბა კვერეთში არსებული ნაკადულის კალმახის საშენი დაათვალიერა.

მინისტრმა სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კალმახსაშენში ხელოვნურად გამრავლებული 200 ცალი ლიფსიტა მდინარე ჩიხურაში გაუშვა. ამასთან, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და სარეკის საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოსწავლეებში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების და მათ შორის ნაკადულის კალმახის შესახებ ცნობიერების ამღლებასა და გამრავლებასთან დაკავშირებიბით პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.

ამჟამად კალმახსაშენის ტერიტორიაზე 2 ტბორი და 8 რკინა-ბეტონის აუზი ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა პოპულაციების ზრდა-განვითარება ხდება.

გარკვეული ხნის უკან ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ახალ პროექტზე – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებაზე მუშაობა დაიწყო, რისთვისაც შერჩეულ იქნა კვერეთის ტერიტორია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულისკალმახის ლიფსიტა, მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეებში გაშვებაა.

შესაბამისი სტრუქტურების განმარტებით – ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ჰესების მშენებლობისა და აგრეთვე ბრაკონიერების გამო, ნაკადულის ანუ მდინარის კალმახის პოპულაციები ძლიერ შემცირდა. 2006 წელს სახეობა „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. ჰესების მშენებლობა სახეობის საიმიგრაციო მარშუტების წყვეტას იწვევს, რის შედეგად ნაკადულის კალმახის ბუნებრივი გამრავლება ასეთ მდინარეებში შეუძლებელი გახდა. ევროპის არაერთ ქვეყანაში, ჰესების მშენებლობასთან ერთად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში აღნიშნული სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და ენერგობიზნესსექტორის ქველმოქმედებით ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ კვერეთის კალმახსაშენი მეურნეობა ამეირკავკასიაში პირველია და მისი მიზანი გადაშენების პირას მყოფი წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების აღდგენა და ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.

ეროვნული საშენი მეურნეობის მენეჯერის შოთა ჯოხაძის გაცხადებით – კვერეთის კალმახსაშენში დღემდე გამოჩეკილია 8 000 ცალი კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებაა.

კალამხსაშენში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

Comments
Loading...