- Advertisement -

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის სკოლაში ქვეწარმავლებთან ბრძოლა უკვე დაიწყეს

უკვე ორი წელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ქვეწარმავლებს ებრძვიან. გასული წლის გაზაფხულზე ქვეწარმავლების შემოსევის გამო სკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში სასწავლო პროცესიც შეწყვეტილი იყო, რის შემდეგაც განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ შენობის პირველ სართულზე მდებარე საკლასო ოთახებში იატაკი გამოცვალა და სარდაფიც ბადეებით შეფუთა.

თუმცა ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, ქვეწარმავლები მზიანი დღეების დადგომისთანავე წლსაც გამოჩნდნენ სკოლაში. 

"უკვე მესამე სართულამდე ამოდიან, ფოიესა და კიბის უჯრედში მათი ნახვა ჩვეულებრივი ამბავია.რატომღაც მგონია,რომ სკოლის სარდაფში ბუდობენ და კედლებზე არსებული ხვრელებისა და ნაპრალების მეშვეობით შენობაში გადაადგილდებიან", – აცხადებს დაწყებითი კლასის პედაგოგმა იზოლდა ლაბაძე.

გიორგეთის სკოლის დირექტორის, თამარ მაისურაძის თქმით, ქვეწარმავლების შემოსევისგან თავის დაღწევა სკოლაში სრული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"სპეციალისტები იყვნენ გასულ წელს,სარდაფიდან ცოცხლები ბევრი ამოიყვანეს და სპეციალური შესაწამლი სითხე დაგვიტოვეს, გვითხრეს რომ არ არიან შხამიანები და სიცოცხლისთვის საშიშები,მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინია, მოსწავლეები ზოგჯერ იჭერენ და ერთმანეთს დასდევენ შესაშინებლად. ქვეწარმავალის სკოლაში არსებობა დაუშვებელია, თუმდაც არავის ერჩოდეს.“ – აცხადებს დირექტორი.

ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტის მერიაში ქვეწარმავლების შემოსევას ახლომდებარე დაჭაობებულ ტერიტორიას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.

"ვიცით,რომ მიმდინარეობს არასასწავლო კორპუსის რემონტი.სადაც ეს ფაქტები ხდება, მერია შესაბამის სამსახურთან ერთად შეისწავლის და რა საშუალებაც გვექნება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევასრულებთ სამუშაოებს,რომ სკოლაში ქვეწარმავლების მოხვედრა არ დავუშვათ", – განაცხადეს ლაგოდეხის მერიაში.

Comments
Loading...