- Advertisement -

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

ქალაქის სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების გზები ადგილზე განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. 

მინისტრის მოადგილემ და კომპანიის მენეჯმენტმა, ის ქუჩებიც დაათვალიერეს, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მოსახლეობას სასმელი წყალი წლებია არ მიეწოდება. 

ადგილორბივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სექტებრიდან იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. 

,,სამინისტრომ, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად რეგიონებში გასვლები დაიწყო. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ყველა პრობლემის ადგილზე იდენთიფიცირება. ლანჩხუთში უკვე ვიწყებთ რამდენიმე დარჩენილი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს. სამუშაოები მოკლე ვადებში დასრულდება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველვყოფთ. გვინდა, მოვიაროთ ყველა რეგიონი და მაქსიმალურად მოვაგვაროთ სასმელი წყლის პრობლემა’’-განაცხადა გრიგოლ კაციამ. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებს დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.

ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით 43 პროექტს ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს. 

Comments
Loading...