- Advertisement -

ლილუაშვილი “ენმ”-ს განცხადებაზე: ეს გახლავთ მათი მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა, მისი თქმით მათი განცხადება მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა. 

"საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 1 იანვრამდე შეადგენდა 5793 ლარს (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით (დარიცხვით).

მთავრობის აპარატის უფროსის ხელფასი (სარგო და დანამატი) 1 იანვრამდე იყო 3728 ლარი (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 3700 ლარით (დარიცხვით).

გარდა ამისა, უშუალოდ მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 60 030 ლარით, რაც განაპირობა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ორი მრჩევლისა და ორი თანაშემწის, სულ 4 საშტატო ერთეულის შემცირებაზე.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოხელეებს, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებს, განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში მოხდა სახელფასო სარგოს სახელფასო შკალასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათ მცირედით, მაგრამ გაეზარდათ ხელფასები.

თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებსა თუ დანამატებზე.

რაც შეეხება ბაღის აღმზრდელების ანაზღაურებას, აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და რეორგანიზაციის შედეგად არის საუბრები სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ალბათ თავად მერია გააკეთებს განმარტებებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასს შეადარა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი შეფასებით, სოციალური გაჭირვების ფონზე მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შრომის ანაზღაურების მატება უსამართლოა.

Comments
Loading...