- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი და IEC-ის კურსდამთავრებულები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ნინო ჭელიძესა და ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. 

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის 500 – ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა. სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლამდე ვადით საქმიანობენ.

მაია ცქიტიშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს დეცენტრალიზაციის პროცესსა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამატებითი ფუნქციების გადაცემის შესახებ უამბეს. 

„ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რისი დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ისეთი პროექტები, რაც ტვირთი კი არ იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ – ახალი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილებზე შემოსავლების გენერირებას. ამ მიმართულებით ძალიან გამოგვადგება ის ცოდნა, რაც თქვენ საზღვარგარეთის ქვეყნებში სხვადასხვა სპეციალობით მიიღეთ“ – მიმართა მაია ცქიტიშვილმა ბენეფიციარებს.

საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა და კურსდამთავრებულებმა იდეები გაცვალეს. შეთანხმდნენ, რომ პირველი პროექტი, რაზეც ერთობლივად იმუშავებენ, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ტრენინგების ჩატარება და საზაფხულო ბანაკებში სწავლების კომპონენტის გააქტიურება იქნება.

კურსდამთავრებულები უახლოეს დროში ასოციაციის ჩამოყალიბებას გეგმავენ. ასოციაციის მიზანია კურსდამთავრებულებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და ქალაქგეგმარების, ასევე, თვითმმართველობებში ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შემუშავებაში.

განათლების საერთაშორისო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტებს და ახლადშექმნილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს პირველი წევრიც გახდა. 

Comments
Loading...