- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი: საქმე გვაქვს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ომეგა ჯგუფის” დადგმულ სპექტაკლთან

„საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობისა და ომეგა ჯგუფის დადგმულ სპექტაკლთან. ჩვენ ვისმენთ რაღაც პროცესების ინსცენირებას და არავინ იცის, რეალობაში მას ჰქონდა თუ არა ადგილი“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ომეგა ჯგუფის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად.

მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის საუბრები კერძო პირებს შორის, სადაც ყოფილი მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

„კრიზისი მთავრობას კი არა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რომელიც საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, მათი კანდიდატი ვერ კრეფს საკმარის ხმებს. ამიტომ, აგრძელებენ ისევ ჩვეული ხელწერით აპოკალიფსის განცდის შექმნას. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ომეგას აქვს კრიზისი, რომელიც ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტეჯერ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გადახდას. შესაბამისად, ეს არის მათი მხრიდან დადგმული სპექტაკლი, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ჩანაწერები არის სხვადასხვა დროს ჩაწერილი საუბრების კოლაჟი.

„დასკვნა ამბობს, რომ ერთ ჩანაწერში არის 7 ჩარევა. ხმები იყო ავთენტური თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რა სახითაც მოვისმინეთ, ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნის თანახმად ჩანაწერი არ არის ავთენტური. ეს შეეხება საუბრის ერთიანობას, ანუ რამდენად შედგა ეს საუბარი ამ სახით სინამდვილეში“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მოისმინა „თი ბი სი ბანკის“ , ქუმსიშვილის ადვოკატის, ასევე ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებები და ყველა ადამიანი, რომელიც თითქოს ამ პროცესშია ჩართული, ცდილობს თავისი ინტერესების დაცვას.

„სახელმწიფოს მხრიდან პასუხი ამ ჩანაწერებზე იყო მყისიერი. გამოძიება მიმდინარეობს ყველა ფრაგმენტზე და გუშინ გავრცელდა პროკურატურის კომენტარიც, რომ ყველა ეს ჩანაწერი დაერთვება საქმის მასალებს. ასევე, პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას, ვის მიმართოს გამოკითხვისთვის და ვის – არა. დარწმუნებული ვარ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...