- Advertisement -

მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფცია – “მწვანე ეკონომიკა” წარადგინა

"ჩვენ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ორი სიმდიდრე – ჩვენი საზოგადოება, ადამიანები და ჩვენი ბუნება" -ამის შესახებ პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფცია – "მწვანე ეკონომიკის“ წარადგინისასა განაცხადა
"დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი მთავრობის ხედვას გარემოსდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიას. ამ პოლიტიკის განხორციელება ქვეყნისთვის პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია და, შესაბამისად, ასახული გვაქვს იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელზეც მე პარლამენტში ვისაუბრე და როგორც მოგეხსენებათ, ამის საშუალება ორჯერ მქონდა.

იცით, რომ დღეს გარემოსდაცვითი პრობლემები არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რაც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართ ხორციელდებოდა, იყო სრულიად მიუღებელი და ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა.

მწვანე პოლიტიკის მთავარი ფოკუსი გახლავთ გარემოს დაცვა, რათა მოხდეს ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.

ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა, როგორც იდეოლოგია, ისევ და ისევ ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული, რამდენადაც გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან.

მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ ნაბიჯებს დგამენ. ის ჰარმონიზაცია, რაც დაკავშირებულია ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებასთან, წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენც ვისარგებლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობებით და დავიწყოთ აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.

ჩვენ ამ გზაზე უნდა გვქონდეს ორი პრიორიტეტი. პირველი – აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო და მეორე – გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეს უნიკალური სიმდიდრე და უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას.

ჩვენი აზრით, ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვას და მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით გარემოს, ამავე დროს, ვაგროვებთ ცოდნას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და, შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, ხარისხიან საკვებს. საბოლოო ჯამში კი – ჯანსაღ გარემოს და ძლიერ, კონკურენტუნარიან ეკონომიკას.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საერთო სტრატეგიის ნაწილი არ იყო, სამწუხაროდ უკუშედეგი მოგვცა. აქედან გამომდინარე, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გარემოსდაცვით პოლიტიკაში გადავდგამთ, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, იქნება საერთო სტრატეგიისა და ხედვის ნაწილი.

შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს.

მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით.

ამ კუთხით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას სამწუხაროდ ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის.

თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.

მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში, 1-ლი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივა იყო გარემოს დაცვის ომბუდსმენის შემოღება, რომელიც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენი პრიორიტეტია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზირებული სახზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც, პირველ რიგში, შეეხება დედაქალაქს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად გავაკეთეთ ამ პოლიტიკის პრეზენტაცია და როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ამასთან ერთად, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაადგილების საშუალება. ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოყვანას, ამავდროულად ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად"-განაცხადა პერმიერმა

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...