- Advertisement -

მამხუტელი ქალების მთავარი პრობლემები

"ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს, ამ სიცხეში აქ ვმუშაობთ, 15 ლარს გვიხდიან. მე 70 წლის ვარ, ეს სამოცის, ამ ასაკისაა უმეტესობა… წყალი გვჭირდება და შიდა გზებია სოფელში მოსაწესრიგებელი… სხვა ბევრი საჭიროებაც გვაქვს, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი პრობლემებია," – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის მინდვრებში მომუშავე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრა "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებმა გამართეს და რაც ყველაზე მთავარია, ქალები თავიანთ საჭიროებებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ლეილა ალიევას და ლუიზა რეხვიაშვილს, ბოლნისის გამგებლის თანაშემწე ფატი ტვილდიანს ესაუბრნენ. რამდენიმე კონკრეტული პრობლემა, საკრებულოს წევრებმა მოინიშნეს და ქალებს მათ მოგვარებას დაპირდნენ.

„ამ რეგიონის ქალთა საჭიროებები თითქმის იდენტურია, უპირველესად, სჭირდებათ წყალი და გაზი, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. იცხოვრონ სუფთა გარემოში თავად და მისმა შვილებმა.

მწვავედ დგას წყლის პრობლემა. ქალები რამდენიმე კილომეტრს გადიან რომ სახლში სასმელი წყალი მიზიდონ… ისინი ითხოვენ ელემენტარულს და ამაში სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. სთხოვენ თვითმმართველობას ჰქონდეთ წყალი, გაზი, მომავალმა თაობამ ისწავლოს ქართული ენა, დასაქმდნენ. ქალები ითხოვენ საბავშვო ბაღებს, რომ ბავშვებმა მიიღონ სკოლამდელი განათლება. ითხოვენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რომ შვილები შიშის გარეშე, უსაფრთხოდ გაუშვან სკოლაში. ამ და სხვა ყოფითი პრობელემების მოგვარებაში ქალებ ს სჭირდებათ ჩვენი დახმარება და თანადგომა,“ – განაცხადა ბოლნისის საკრებულოს წევრმა ლეილა ალიევამ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრები ქალებთან ქალ ამომრჩეველთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით ტარდება, რის შემდეგაც, მომზადდება ანალიზი და წარედგინება პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა გამოვლენილი პრობლემები აისახოს მათ საარჩევნო პროგრამებში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის "მხარი დაუჭირე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
 

Comments
Loading...