- Advertisement -

მარნეულში “გადაჭრილი გორა”-ს კონსერვაცია და ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის განვითარება იგეგმება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის „გადაჭრილი გორა“-ს კონსერვაციისა და ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის განვითარების გეგმის თაობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს.

ძეგლის მოვლა- შენახვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად მუშაობენ. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძეგლზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა მოეწყო, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე გაეცნენ ჩატარებულ სამუშაოებს, შეაფასეს ამჟამინდელი მდგომარეობა, განიხილეს ძეგლის განვითარების სტრატეგია და დაგეგმეს 2018 წლის არქეოლოგიური სამუშაოები. 

ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ტორონტოს უნივერსიტეტი 2016 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ. აქვე ფუნქციონირებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას იძენენ როგორც კანადელი, ისე ქართველი სტუდენტები. პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერებების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების, მათ შორის არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.

ამ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო"-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა". 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოები გრძელვადიან პარტნიორობას გულისხმობს, რომელიც 2018 წლის მაისიდან კვლავ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

Comments
Loading...