- Advertisement -

მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით დღეს საპროცესო გარიგება არ შემდგარა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით დღეს საპროცესო გარიგება არ შემდგარა. თუმცა წინა სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბოლო დეტალებს აზუსტებდნენ და რომ დიდი ალბათობით 12 თებერვლის სხდომა სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით დასრულდებოდა. დღევანდელი სასამართლო პროცესი მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადადო.

დაცვის მხარემ არ ისურვა დღეს ჟურნალისტებთან მიზეზებზე საუბარი, რატომ ვერ მოხერხდა საპროცესო შეთანხმების მიღწევა. ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა კეკელიას ადვოკატის, ივლიანე ხურცილავას თქმით, კომენტარს მომდევნო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

მან სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, და რომ მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა ამ სიტყვებს დაადასტურებს. თავის მხრივ, მამუკა კეკელიამ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. თუმცა მან ერთ-ერთ წინა სხდომაზე დანაშაული აღიარა.

ადვოკატის გარეშე საუბარი არ ისურვა მეორე ბრალდებულმა გია ჩიხლაძემ. დღევანდელ სხდომას მისი ინტერესების დამცველი რობიზონ ხურცილავა სხვა პროცესის ქონის გამო არ დასწრებია.
საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ წინა სხდომებზე განაცხადეს მხარეებმა.

თავის მხრივ, პროკურორმა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ერთი ადვოკატი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, ამიტომ მტკიცებულებებს მომდევნო პროცესზე წარმოადგენენ.

მომდევნო სხდომა 23 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

Comments
Loading...