- Advertisement -

მეფუტკრე ლეჩხუმიდან: 4 წელიწადია, რაც აქტიურად დავუბრუნდი სოფელს, მაღალმთიან ლეჩხუმს

"ბოლო 4 წელიწადია, რაც აქტიურად დავუბრუნდი სოფელს, მაღალმთიან ლეჩხუმს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დახმარებით, იმ პროგრამების დახმარებით, რომლების ბენეფიციარიც ვარ. მადლობას მოგახსენებთ იმ საშუალებებისთვის, რაც ჩვენ, ფერმერებს გვეძლევა. მერწმუნეთ, ბევრი ევროპული დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმას, რომ ფერმერებს ასე უშუალოდ ჰქონდეთ შესაძლებლობა მაღალი რანგის პირებს დაუსვან კითხვები და თავიანთი პრობლემების შესახებ დიალოგი გაუმართონ," – ამ სიტყვებით ლეჩხუმელმა მეფუტკრემ და მევენახემ, ლევან ხმელიძემ პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.

„ჩვენი საქმე არის მეფუტკრეობა და მევენახეობა. დიდი სურვილი გვექნება ამ პროექტთან მიმართებაში ჩვენი ახალი მიდგომა განვავითაროთ და აგროტურიზმის სფეროში განვვითარდეთ. ჩვენ ვართ არაერთ იმ პროგრამაში ჩართული, რომლის შესახებაც ბატონმა ლევან დავითაშვილმა ბრძანა – ვარ IFAD-ის ბენეფიციარი, ვსარგებლობ აგროდაზღვევით, რაც ყველანაირ საშუალებას გვაძლევს და მე ვარ მაგალითი რეგიონში, თუ ბოლო 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს დახმარებით, როგორ ვითარდება ჩვენი მეურნეობა,“- აღნიშნა ლევან ხმელიძემ.

მანვე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის შიდა გზების მოწყობის თხოვნით მიმართა.

„მე მესმის, რომ ერთი მეურნეობისთვის არ გაკეთდება მთელი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჩვენ ვართ დამწყებები, პიონერები ლეჩხუმის ტურიზმის განვითარებაში,“- აღნიშნა ლეჩხუმელმა მეფუტკრემ და მევენახემ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო, სწორედ ერთ წარმატებულ საწარმოსა და ფერმერს და ეს მნიშვნელოვანია.

„აბსოლუტურად არ გეთანხმებით, რომ ერთი საწარმოს გულისთვის არ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ერთი საწარმოს გულისთვის, ერთი წარმატებული მცირე მეწარმის, თუ ფერმერის გულისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა. ამის მაგალითები მე პირადად არაერთი მაქვს და შემიძლია ჩამოგითვალოთ. მეფუტკრეობა ახსენეთ და ვანში გახლავთ მეფუტკრეობის ცნობილი წარმომადგენელი, არ ვიცი იცნობთ თუ არა – მინდია ქავთარაძე. ასევე იყო შემთხვევა – ბაიას ღვინოები. არ ვიცი იცით თუ არა: ერთ-ერთ გამოფენაზე შევხვდი, მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემააო და გავუყვანეთ ეს გზა, ასე ხდება. ეს არის სწორი მიდგომა. მე რომ ზოგადი პასუხი გაგცეთ არც თქვენ გაინტერესებთ და არც მე ვარ მაგ ყაიდის კაცი, რომ ასე გელაპარაკოთ. პირდაპირ გეუბნებით, აუცილებლად გავაკეთებთ,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა ლევან ხმელიძეს, რომელიც პროგრამის – „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციას ესწრებოდა.

Comments
Loading...