- Advertisement -

მირიან ქათამაძე: ქობულეთში შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრანსპორტი სოფლებშიც ივლის

ჩემი მერობის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც მოვაგვარებ არის შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრანსპორტი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, ქობულეთში 300-ზე მეტი ეტლით მოსარგებლე ადამიანია, მათგან რამდენიმე სოფელში ცხოვრობს, მათთვის კი გადაადგილება გაცილებით რთულია.

მირიან ქათამაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში სამარშუტო განრიგი მოწესრიგებული უნდა იყოს, რადგან ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მუნიციპალური ტრანსპორტის ძალიან სერიოზული პრობლემაა, სოფლებში გადაადგილება, სოფლებიდან ქალაქისკენ გადმოადგილება, სადაც სოფელში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი მუშაობს,

ასევე გკითხავთ ზებრებისა და შუქნიშნების საკითხზე, ძირითადად ბავშვების მშობლები სკოლებთან შუქნიშნების დადგმას ითხოვენ, თავიანთი შვილების უსაფრთხოებისათვის.

ტრანსპორტი ქობულეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, იგივე ტურიზმის განვითარება, ვიზიტორისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, კომფორტული, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ვიზიტორის ინტერესი, აქ არის ჩვენი მოსახლეობის ინტერესიც, რომელიც ხშირად სარგებლობს ამ ტრანსპორტით.

ცხოვრებისეულ მაგალითს გეტყვით, რამდენიმე დღის წინ მუზეუმთან ვიყავი გაჩერებული, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ დედაქალაქის სტუმარი, რომელიც შემეკითხა, დადის თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი, ვუპასუხე, რა თქმა უნდა დადის, მითხრა, დიდი ხანია ველოდები და საერთოდ ვფიქრობ, გამოივლის თუ არა. გარკვეულ წილად მოსაწესრიგებელია მარშუტი, განრიგი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გაჩერებებთან დაკავშირებით, გაჩერებები მოწესრიგდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება. არ მოწესრიგდა ბოლომდე…

არის რაღაცები დარჩენილი, არ ვიქნებით სამართლიანი, რომ არ აღვნიშნოთ, რომ გაჩერებების ნაწილი არის ახალი, მოწესრიგებული, სხვათა შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინიციატორი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იქ არ გავაკრათ პლაკატები, მიუხედავად იმისა, რომ კანონიდან გამომდინარე არ გვეკრძალება, რატომ არ გავაკრავდით და ის არის ახალი, პლაკატის მოხსნა შემდეგ გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც მოვუწოდე მე ამის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ „ევროპულმა საქართველომ“, რომელთა წესდებით ირკვევა, რომ მათი მთავარი ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, არ დაგვიჯერა და არც სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა გაჩერებები გამოვიყენოთ პლაკატებისათვის, იმიტომ რომ ის ახალი სიკეთეა საზოგადოებისათვის, გვინდა მას მოვუაროთ.

მუნიციპალური ტრანსპორტი ცალკე პრობლემაა, 300-ზე მეტი ეტლით მოსარგებლე დაფიქსირდა ქობულეთში და რამდენიმე ეტლით მოსარგებლეს, როდესაც სოფელში შევხვდი, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, და მათაც რომ არ მოეთხოვათ ეს ძალიან კარგად ვიცოდი, ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის.

ჩემს ბლოკნოტში, სადაც მე საკითხებს ვიწერ, არსებობს რამდენიმე საკითხი ყვითლად მონიშნული, ეს არის ის საკითხი, რომელზე მუშაობაც გადაუდებლად მიმაჩნია პირველივე დღეებში და ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრანსპორტი. ბათუმმა ეს მოახერხა და ქობულეთმაც უნდა მოახერხოს.

დაგეთანხმებით ტრანსპორტი გარკვეულ წილად მოსაწესრიგებელია სოფლების მიმართულებითაც, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, საარჩევნო მიზნებში რა თქმა უნდა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სოფელს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

"აიპრესი" ინტერვიუს სრულად ხვალ შემოგთავაზებთ.

Comments
Loading...