- Advertisement -

მუჟავაში მოკლული ჯარისკაცის დედა: ტანსაცმლის დათვალიერებიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა გაყალბებულია

სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ბექა რუსიას დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საქმეს სტრასბურგამდე მიიყვანს. იზა რუსიას დღეს ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ გარდაცვლილი ჯარისკაცის ტანსაცმელი გადასცა. გარდაცვლილის დედის თქმით, ტანსაცმლის დათვალიერებიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა გაყალბებულია, რადგან მაისურზე კარგად ჩანს გამჭოლი ტყვიის ნაკვალევი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ დევს.

"არ ვენდობი პროკურატურას, ხელახლა ექსპერტიზას გავაკეთებ, რომ დავამტკიცო სიმართლე. არაფერი არ არის გამოძიებული. მე ვითხოვ, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას. რადგან სწორედ მისი იარაღით თამაშობდნენ ბავშვები. მარტო დროებითი გათავისუფლება არაა საკმარისი, ის უნდა დაისაჯოს საკადრისად, რადგან სხვა ოჯახები მაინც იყვნენ დაცული და სხვისი შვილებიც არ გახდნენ მათი უპასუხისმგებლობის მსხვერპლნი. ბოლოსდაბოლოს სანამდე დამალავენ ამ ყველაფერს? ხომ უნდა დაადგეს საშველი მათ დაუდევრობას და აღვირახსნილობას?“- განუცხადა ჟურნალისტებს ბექა რუსიას დედამ.

ბექა რუსია სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 2017 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მუჟავას საგუშაგოზე უფროსის ტაბელური იარაღიდან გასროლით შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია დაიღუპა.ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

Comments
Loading...