- Advertisement -

მუცოს რეაბილიტაციის პროექტი წელს სრულდება

27 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მუცოს ესტუმრებიან და ძეგლზე დამასრულებელი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) ფინანსური თანადგომით, სრულდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები.

სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, რესტავრირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილები, დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.

Comments
Loading...