- Advertisement -

მუხაესტატეში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხაესტატეში მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ 500-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 

დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სამუშაოების მწარმოებლებს პროექტის ხარისხიანად განხორციელებისკენ მოუწოდა და მითითებები მისცა.

მუხაესტატელებს წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდა. წყალსადენის სისტემის შიდა ქსელი მოძველებული იყო და ხშირად ზიანდებოდა მილები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევდა. 

ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 377 080 ლარია გათვალისწინებული. პროექტი შიდა ქსელის მოწყობას, აბონენტთა გამრიცხველიანობასა და არსებული რეზერვუარების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

მუხაესტატეში წყალსადენის სისტემის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წელს ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო.
სამუშაოების დასრულება სექტემბრის თვეში იგეგმება.

Comments
Loading...