“ნაცმოძრაობა”: ზუგდიდის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს ზუგდიდი დამატების თარიღი 12 მარტი, 2018 265 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის მტკიცებით მუნიციპალიტეტის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ადგილზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ კომპლექსის გაშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე მერის მეგობარია. "მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ჯალაღონია შონიასა და გულორდავას მეგობარია, არ უნდა გასხვისდეს ზუგდიდელების საკუთრება ისეთ კომპანიაზე, რომელიც გასულ თვეს დარეგისტრირდა და არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია. სალომე ჯალაღონია მხოლოდ ფიქტიური მფლობელია და რეალურად „ზუგდიდისითის“ მისი მამა ფლობს“, – თქვა წითლიძემ. მან ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებსა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და საკრებულოსა მერიას მოუწოდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში მერიის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ლევან შონია გოჩა ჯალაღონიას საერთოდ არ იცნობს. "რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს“, – აღნიშნეს სამხარეოდ ადმინისტრაციაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. სააქციო საზოგადოება "ზუგდიდი სითიმ" მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია 1 მარტს გამართა. პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია. მერიის ინფორმაციით, "ზუგდიდი სითი", რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიები შპს "აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა მიქავამ გამოთქვა და მერია მისი ტერიტორიის უკანონო გასხვისებაში დაადანაშაულა. მერმა ლაშა გოგიამ კი მის საპასუხოდ განმარტა, რომ სააქციო საზოგადოებამ მხოლოდ პრეზენტაცია გააკეთა და ამ ტერიტორიაზე ინვესტიცის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.