- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მთავრობამ ბაყაყებს რექტორი დაუნიშნა

"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმალავენ. განცხადება ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააკეთა.

შუშანიას თქმით, იმ ადგილას, სადაც ხელისუფლების დაპირებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს, მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

"როგორც ხედავთ ამ ადგილას მარტო ბაყაყების ყიყინი ისმის. შორს წავიდა საქართველოს მთავრობა და ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი. ეტყობა აპირებს ეროვნული გამოცდები ჩაუტაროს ბაყაყებს. ტექნოლოგიური უნივრრსიტეტის მშენებლობის ადგილას არაფერი ხდება. იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში, რომელშიც 2021 წლამდე განსახორციელებელ პროექტებზეა საუბარი, არაფერი წერია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. ამ ადგილას საარჩევნოდ მოიყვანენ ტრაქტორს, რომ ვითომ სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია განათლების სამინისტროდან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და მიმდინარეობაზე, თუმცა არ მოგვაწოდეს და ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ სარჩელით," – ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ, რომ სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა განმარტავენ, რომ ადგილზე სამშენებლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის მაისიდან განახლდება. რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადას, როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე ამბობს, თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...