- Advertisement -

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნება

მიმდინარე წლის სექტემბერში სამცხე-ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნება. ანის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ რეგიონში ვიზიტისას ისაუბრა, როდესაც ნინოწმინდის სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სურბ სარქისის ეკლესიის მღვდელ-მსახურებსა და მრევლს შეხვდა.
აღნიშნული სპეციალური კურსი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით სწორედ სურბ სარქისის ეკლესიაში გაიხსნება.

როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, უწყების ამოცანაა „არსებული რესურსების პირობებში, მაქსიმალურად უზრუნველყოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება“: „სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს, რომ დაგიდასტუროთ მზაობა სექტემბრიდან ქართული ენის კურსის გახსნასთან მიმართებაში. სახელმწიფო ენის ფლობა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. ეს არის ის ბარიერი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა არის თანასწორი. სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ჭირდება ძალისხმევა, გათვლა სწავლების ყველა საფეხურზე და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა“.
დღესვე ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქშიც ჩავიდა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია გახსნა.
აღნიშნული კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას გულისხმობს.
მომდევნო კვირის განმავლობაში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამების შესახებ.
შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიცირებით და ორგანიზებით საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, ქართულ და სომხურ ენაზე ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს

Comments
Loading...