- Advertisement -

ნინო წილოსანი: ცოტა გასაკვირია, რატომ გაჭიანურდა ჩოხატაურში გზების რეაბილიტაციის პროექტი

„აიპრესს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მკვიდრი, თამარ ხუნდაძე დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, ადგილობრივებს წლებია ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. კერძოდ, ავარიულ მდგომარეობაშია საავტომობილო გზა, არ არის გაყვანილი სასმელი წყლის მილები და მთაგორიან დასახლებაში საკმაოდ დიდი მანძილიდან უხდებათ ხელით წყლის ზიდვა, რაც ცუდ ამინდში ფიზიკურად შეუძლებელია. ის ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"საკომუნიკაციო ვაკუუმში ვარ,ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაბლოკილი ვყავარ.ჩემს ზარებს არ პასუხობენ. ურთიერთობა მხოლოდ სოფელში მერის წარმომადგენელთან, ელზა ზაქარეიშვილთან მაქვს. ერთი თვის წინ გვითხრა, რომ გზებთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტირება და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. თუმცა, ახლა ამბობს, ეს პროექტი შესაბამისმა სამინისტრომ შეაჩერაო. ხან ამბობს სტიქიის ზონაში ვართ , ხან ამბობს არ ვართო. ჩვენი სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, ბესო ყენია კი ურთიერთგამომრიცხავ, ალოგიკურ პასუხებს იძლევა. ასეთ გაურკვევლობაში ვართ და იქნებ დაგვეხმაროთ“_ ამბობს საჭამიასერის მაცხოვრებელი თამარ ხუნდაძე.

ჩოხატაურის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი საქართველოს მთავრობაში უკვე გაგზავნილია და ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„აღნიშნული პრიექტი მზადაა, ექსპერტიზაც გავლილია, გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში, როგორც კი, მთავრობის განკარგულება გამოიცემა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებით, დაიწყება პროექტის განხორცილება“.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისგან პროექტის დაფინანსებაზე მოთხოვნა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მხოლოდ ახლახან მიიღო, რაც მისი თქმით ცოტა გასაკვირია:

„კარგად მესმის მოსახლეობის დისკომფორტი ამ თემასთან დაკავშირებით. გეცოდინებათ, რომ მსგავსი თემა უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში შედის, თუმცა ყოველთვის ვერთვები საკითხის მოგვარების პროცესში, როცა ეს საჭიროა. 

ამ დრომდე ჩოხატაურის მერიისგან მქონდა ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ამ გზის რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც, პროექტიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურას გაეგზავნებოდა შესაბამისი თანხის მოთხოვნა. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, რატომ გაგრძელდა ეს პროცესი ამდენხანს, რადგან მხოლოდ ახლა მივიღე დასტური ინფრტასტრუქტურიდან, რომ მიუვიდათ მოთხოვნა თანხის გამოყოფაზე. 

აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა უკვე კომისიაზე გავა და უახლოეს მომავალში გზის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, რასაც, რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებ თვალყურს“_ აღნიშნა ნინო წილოსანმა.

Comments
Loading...